უნდა გაეტანა - სიგუამ გაძევებამდე მაგარი შანსი ვერ გამოიყენა
„ბაზელის'' ქართველი ნახევარმცველისთვის, გაბრიელ სიგუასთვის შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-13 ტურში „სერვეტესთან’’ მატჩი ცალსახად წარუმატებელი გამოვიდა. გაძევებამდე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მე-3 წუთზე დომინიკ შმიდმა საჯარიმოში მისი მისამართით ჩააწოდა, სიგუამ ბურთისკენ სწორად იმოძრავა, თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდა, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომლის გოლით გასულ ტურში „ბაზელმა’’ „ივერდონი’’ დაამარცხა, ვალდებული იყო ეს მომენტი გამოეყენებინა.
შვეიცარიულმა Tagblatt-მა სიგუას გამოუყენებელ მომენტს ხაზი გაუსვა და ამ მომენტთან დაკავშირებით „ბაზელის’’ მთავარი მწვრთნელის, ფაბიო ჩელესტინის კომენტარი გამოაქვეყნა. ცხადია, ჩელესტინიც მიიჩნევს, რომ სიგუას ეს შესაძლებლობა გოლად უნდა ექცია: „მას ეს უნდა გაეკეთებინა’’.
მე-17 წუთზე სიგუამ მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესი უხეშად დაარღვია და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. 21-ე წუთზე „ბაზელმა'' ანგარიში გახსნა, თუმცა საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა (4:1).
18 წლის გაბრიელ სიგუა გასულ ზაფხულში თბილისის „დინამოდან’’ „ბაზელში’’ გადავიდა, სუპერ ლიგის 9 მატჩში 2 გოლი შეაგდო, მისი პირველი გოლი „ციურიხთან’’ იყო, როცა 90+5-ე წუთზე გუნდი მარცხისგან იხსნა, „ივერდონთან'' კი გუნდს მოაგებინა, 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
12-გუნდიან სუპერ ლიგაში „ბაზელი'' 8 ქულით ბოლო ადგილზეა, 13 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 9 შეხვედრა დათმო. „ბაზელი'' შემდეგ ტურში „სენტ. გალენს'' მიიღებს (26 ნოემბერი).