ჯოელ ემბიდი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ტაირიზ მაქსი
Aa
Aa

ტაირიზ მაქსის საოცარი საღამო | 50 ქულა და გამარჯვება ინდიანასთან

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ კალათბურთელმა, ტაირიზ მაქსიმ რეგულარული სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „სიქსერსმა“ „პეისერსს“ 137:126 მოუგო, მაქსი კი საკუთარი გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი გახლდათ.

მაქსიმ პარკეტზე 39 წუთი და 14 წამი გაატარა და აქტივში 50 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება ჩაიწერა. „ფილადელფიას“ გამთამაშებელმა 32-დან 20 ბურთი და 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. იგი NBA-ის ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელმაც მატჩში მინიმუმ 50 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი, 3 დაფარება და 5 სამქულიანი გაიფორმა. აქამდე მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ დემიენ ლილარდსა და ჯეიმს ჰარდენს ჰქონიათ.

შეხვედრის შემდეგ, მაქსიმ საკუთარი გამოსვლა თანაგუნდელს, კელი უბრე ჯუნიორს მიუძღვნა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ფეხით მოსიარულე უბრეს ავტომობილი დაეჯახა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 27 წლის კალათბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას პარკეტზე დიდი ხანი ვერ ვიხილავთ.

„დღევანდელ თამაშს ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ყველაფერი კელი უბრეს დამსახურებაა. მისთვის მთელი გუნდი ვლოცულობთ. ახლახან გავიცანი, მაგრამ ძალიან მიყვარს. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა მაქსიმ.

აღსანიშნავია, ჯოელ ემბიდისა და ტაირიზ ჰალიბერტონის შესანიშნავი თამაშიც. ემბიდმა „ინდიანას“ წინააღმდეგ 37 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ჰალიბერტონს კი 25 ქულა და 17 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. თანაც ისე, რომ ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს.

ცნობისთვის, „ფილადელფიას“ 8 მოგება და 1 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. „პეისერსი“ 6 მოგებითა და 4 წაგებით მე-3 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა