აურელიო დე ლაურენტისი, იგორ ტუდორი, რუდი გარსია
Aa
Aa

იტალიური მედია: გარსია გაუშვეს! - დე ლაურენტისმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, „ემპოლისთან“ 0:1 მარცხის შემდეგ, იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა რუდი გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტეს, რამდენიმე წუთის წინ კი la Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე გაუშვა.

გამოცემა წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება „ემპოლისთან“ მატჩის მიმდინარეობის დროსაც მიიღო. შესვენებაზე დე ლაურენტისი გასახდელში იყო ჩასული და გუნდს სიტყვით მიმართა, თუმცა, გარსიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. უფრო მეტიც, როდესაც „ნაპოლიმ“ შეხვედრის მიწურულს გოლი გაუშვა, დე ლაურენტისმა მაშინვე ტრიბუნები დატოვა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ კლუბი გარსიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უახლოეს საათებში გამოაცხადებს და ამასთან, აურელიო დე ლაურენტისს უკვე საგანგებო შეხვედრაც აქვს ჩანიშნული, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს და სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს „ნაპოლის“ მომავალი მწვრთნელის ვინაობაც.

როგორც იწერება, დე ლაურენტისის ფავორიტთა სიას იგორ ტუდორი ლიდერობს, თუმცა, მის გარდა განიხილება ფაბიო კანავაროს კანდიდატურაც. ხვალ, დე ლაურენტისი ორივე მხარეს გაესაუბრება, შეხვედრას კი დაესწრებიან როგორც სპორტული და აღმასრულებელი დირექტორები, ისე კლუბის მენეჯერი და მთავარი სკაუტი.

საგულისხმოა, რომ იგორ ტუდორის კანდიდატურის შესახებ გავლენიანმა სატრანსფერო აგენტმა, ფაბრიციო რომანომაც დაწერა და განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები ხორვატ სპეციალისტთან აქტიურ კონტაქტზე არიან.

12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 6 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. დიდი შანსია, რომ „პარტენოპეის“ მე-5 ადგილოსანმა „ატალანტამ“ გადაასწროს, რომელსაც მე-12 ტურში თავისი მატჩი ჯერ არ გაუმართავს. ნეაპოლიტანურ გუნდს მომდევნო შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს სწორედ „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსიას უარი, კლუბის დუმილი და ახალი სახელები - რა მოხდება ნაპოლიში
გარსიას უარი, კლუბის დუმილი და ახალი სახელები - რა მოხდება ნაპოლიში