მარცხი რეალთან - მამარდამ სანტიაგო ბერნაბეუზე 5 ბურთი გაუშვა
ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილი პირველივე წუთიდან „ღამურების“ შემადგენლობაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ესპანური კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ქართველმა მეკარემ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 5 ბურთი გაუშვა, მათ შორის ერთ-ერთი კი მისი მიუტევებელი შეცდომის ბრალი იყო.
მადრიდელებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს. მამარდაშვილის კარში პირველი გოლი დანი კარვახალმა შორეული გასროლით გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუს ჟუნიორმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა და ტაიმი „რეალმა“ 2:0 მოიგო.
მეორე ნახევრის დებიუტში ვინისიუსმა მამარდაშვილის კარში დუბლი შეასრულა, ქართველმა მეკარემ კი თავის მხრივ გოლი ახლო კუთხეში გაუშვა.
ზუსტად 1 წუთში კი მამარდაშვილმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და საკუთარი საჯარიმოდან არაზუსტი პასით ბურთი პირდაპირ როდრიგოს ჩააბარა, ამ უკანასკნელსაც პირისპირ დარჩენილ ქართველ მეკარესთან გოლის გატანა არ გასჭირვებია და სხვაობა 4-ბურთამდე გაზარდა.
84-ე წუთზე როდრიგომ დუბლის შესრულება შეძლო და მამარდაშვილმა ამჯერადაც ვერ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა.
საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე, უგო დურომ დააფიქსირა, რომელმაც მადრიდელთა კარში ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.
5 გაშვებული გოლის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი მაინც ჰქონდა და „ვალენსია“ გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
გიორგი მამარდაშვილის მომენტები რეალთან:
13 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, პირველადგილოსან „ჟირონას“ კი 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ვალენსიას“, რუბენ ბარახას გუნდი 18 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
მომდევნო ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ვიგოს „სელტას“ შეხვდება, მადრიდის „რეალი“ კი სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდება.