ზოიძის და კლაუდინეის ლამაზი გოლები - გაგრამ საბურთალოს მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „გაგრამ'' „პეტრიაშვილზე'' „საბურთალო'' 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა სილას გოლით მოიგო, თუმცა შეხვედრა დრამატული გამოვიდა, „გაგრამ'' თამაში შემოატრიალა და 3 ქულა მოიპოვა.
„საბურთალომ'' ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, კოხრეიძის პასით შეიკნე სილა მეკარესთან პირისპირ გავიდა და შეაგდო. 30-ე წუთზე შეიკნე სილას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, პენალტი პანენკას სტილში დაარტყა, თუმცა არ გამოუვიდა, ოლექსანდრ ვორობეიმ აუღო.
87-ე წუთზე 19 წლის საბა ზოიძემ მარცხენა ფეხით ლამაზი გოლი გაიტანა. მესამე დამატებულ წუთზე „გაგრას'' ბრაზილიელმა ლეგიონერმა კლაუდინეიმ საჯარიმოს გარედან ზუსტი და ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.
ამ გამარჯვების შემდეგ „გაგრა'' 32 ქულით მე-8 ადგილზეა და მე-7 ადგილოსან „თელავს'' 2 ქულით ჩამორჩება. „საბურთალო'' 50 ქულით მე-5 ადგილზეა, მე-4 საფეხურზე მყოფ „დილას'' 4 ქულით ჩამორჩება.