ჰეთ-თრიკი პირველივე ტაიმში! - ვოლკოვმა საბაჰს მოაგებინა
აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში, დავით ვოლკოვის „საბაჰი“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „თურანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:3 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პირველივე წუთიდან ბაქოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გაიყვანა მოედნიდან. მნიშვნელოვანია, რომ „საბაჰის“ შემადგენლობიდან სამივე გოლი ვოლკოვის ანგარიშზეა და სტუმარმა გუნდმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამსახურებით მოიგო.
„თურანის“ კარში ვოლკოვმა ვოლკოვმა მე-9 წუთზე გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 25-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ამჯერად დასწრებაზე ითამაშა კარგად და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
ორწუთიან მონაკვეთში, 35-ე და 37-ე წუთებზე „თურანმა“ ორი გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა შეძლო, თუმცა, ზუსტად 5 წუთში „საბაჰს“ გმირად კვლავ დავით ვოლკოვი მოევლინა, თანაგუნდელისგან ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად დაუხვედრა და მეტოქის კარში გამარჯვების გოლიც გაიტანა.
საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარში ვოლკოვს პოკერის შესრულებაც შეეძლო, თუმცა, ერთ-ერთ ეპიზოდში მას „თურანის“ მეკარემ აჯობა.
ამ გამარჯვებით, „საბაჰმა“ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 16 ქულა დააგროვა და „თურანს“ გადაასწრო. ბაქოელები 13 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზე იმყოფებიან, დავით ვოლკოვს კი მიმდინარე სეზონში „საბაჰის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა (4 ჩემპიონატში, 1 თასზე).