მესამე ოპერაცია ჩაუტარდა - ხოჭოლავა ამ წელს ვეღარ ითამაშებს
„კოპენჰაგენის’’ ქართველ მცველს, დავით ხოჭოლავას მიმდინარე წელს მესამე ოპერაცია ჩაუტარდა, მიმდინარე წელს ვეღაღ ითამაშებს. ინფორმაცია დანიური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მიმდინარე სეზონში, 28 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში დავით ხოჭოლავამ „ვიდოვრესთან’’ ითამაშა, მოედანს ოფიციალურად 7-თვიანი პაუზის შემდეგ ამ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა მალევე „კოპენჰაგენის’’ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა განაცხადა, რომ 30 წლის მცველი კვირაში სამი მატჩის ჩატარებისთვის მზად არ იყო, შემდეგ კი გაირკვა, რომ მას მიმდინარე წელს მესამე ოპერაცია ჩაუტარდებოდა.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ხოჭოლავა მუხლის ტკივილის მიუხედავად თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მუხლზე ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. საერთო ჯამში ამ წელს დავით ხოჭოლავას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, რაც როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად რთული გადასატანია.
„შახტარის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული „კოპენჰაგენში'' 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან'' ერთად დანიის ჩემპიონი გახდა (2021-22, 2022-23) და დანიის თასი მოიგო (2022-23).