ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ რა უნარზეა საუბარი - მამუკელაშვილი ვემბანიამაზე
„სპურსის'' ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა გამოცემა NJ.com-თან იანისზე, გრეგ პოპოვიჩსა და ვიქტორ ვემბანიამაზე ისაუბრა.
მამუკელაშვილი იანისზე: „შეუფასებელი ცოდნა მივიღე. 2 წელი იანისთან ერთად ვიყავი, მის შესახებ ახალი რა გითხრათ. ის არ იცვლება, ყველასთან ურთიერთობაში ერთნაირია. მას ნამდვილი მამბა მენტალიტეტი აქვს, მასთან ერთად თამაში ბრწყინვალე იყო. ანალოგიურის თქმა სხვა მოთამაშეებზეც შემიძლია: ჯრუ ჰოლიდეიზე, კრის მიდლტონზე, ბობი ბორტისსა და „მილუოკი ბაქსის'' სხვა ბიჭებზე. ახლა „სპურსში“ ახალგაზრდული და ამბიციური შემადგენლობაა. ვცდილობ განვვითარდე და გუნდს კარგად მოვერგო''.
მამუკელაშვილი გრეგ პოპოვიჩზე: „პოპი ბრწყინვალე მასწავლებელია. მინდა მაქსიმალურად ხშირად მოვუსმინო. ზოგჯერ რაღაცას პირდაპირ არ გეუბნება, მაგრამ მაინც ყველაფერი გასაგებია. „სპურსში'' ყველაფერი იდეალურადაა, კარგად განვითარებული სისტემაა, რაც კალათბურთელთა პროგრესს განაპირობებს. პირადად მე უკეთესად ვისვრი და დატვირთვებს უფრო კარგად ვუძლებ. დარბაზში დიდ დროს ვატარებ, ყოველდღე ვვარჯიშობ დასვენების გარეშე''.
მამუკელაშვილი ვემბანიამაზე: „ვემბანიამას დიდი ქომაგი ვარ, ძალიან მომწონს. მგონი, ყველა ბიჭს სურს ისე თამაშობდეს, როგორც - ვემბა. მაღალია, ბურთის სროლა და ტარება უმაღლეს დონეზე შეუძლია''.
კითხვაზე თუ რითი გააოცა ვემბანიამამ, მამუკელაშვილმა საინტერესო ფაქტი გაიხსენა: „მეორე ვარჯიშზე ვკითხე, შეეძლო თუ არა ბურთის კალათში ჩაგდება ნახტომის გარეშე. მან მითხრა, რომ უფრო უკეთეს რამეს შეასრულებდა. ფარის ქვეშ მივიდა, ოდნავ ახტა და ბურთი კალათში ისე ჩადო, რომ ის ბადის ქვემოდან გამოჩნდა. წარმოიდგინეთ, რა უნარზეა საუბარი. ეს სრული სიგიჟეა".
მამუკელაშვილმა ვემბანიამაზე საინტერესო რამ თქვა. მისი აზრით, ვემბა ზოგჯერ ჩქარობს: "ზოგჯერ ჩქარობს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ასეთ დროს ვეუბნები, რომ დამშვიდდეს, დინჯად იმოქმედოს და რეზულტატი თავისთავად მოვა. მას ქომაგები არცერთ შემთხვევაში არ მოაკლდება. ვცდილობ დავეხმარო და მისგან ვისწავლო''.