„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა
გერმანული კომპანიის, Adidas-ის ორგანიზებით, ლიონელ მესი ზინედინ ზიდანს შეხვდა. „ზიზუმ“ და „ლა პულგამ“ ბევრ თემაზე ისაუბრეს და ერთმანეთის მისამართით პატივისცემა გამოხატეს.
შესავალი
ზიდანი: „სამწუხაროა, რომ ერთად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ახლა არის მომენტი, როცა შენთვის პასის გაკეთება შემიძლია. გრძელი გზა გამოვიარე, მაგრამ შენთან ერთად ყოფნა და ფეხბურთზე საუბარი ძალიან სასიამოვნოა“.
მესი: „ერთად თამაშის სიამოვნება არ გვქონია, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ გვითამაშია. შენით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და უდიდეს პატივს გცემ. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რის კეთებასაც განაგრძობ“.
რას ფიქრობენ კლასიკურ ათიანზე
მესი: „არგენტინელებისთვის 10 ნომერი განსაკუთრებულია, რადგან როცა ათიანზე ლაპარაკობ, ავტომატურად დიეგო მარადონა გახსენდება და ყველას გვინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავით. დიეგოსნაირი ვერასდროს ვერავინ იქნება, მაგრამ ჩვენი ოცნება და სურვილი იმის გაკეთება იყო, რაც მარადონამ გააკეთა. დიეგო იყო 10 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც ვუყურებდი და ვაღმერთებდი. მარადონა ჩვენი მენტორი და ჩვენი კერპია. დიეგო არგენტინელებისთვის რაღაც განსხვავებული მოვლენაა და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იქნება. ჩემს შვილებს მისი თამაში საკუთარი თვალით არ უნახავთ, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი იციან, რადგან უამრავი ვიდეო აქვთ ნანახი.
დღესდღეობით, ათიანი დაკარგულია. ის აღარაა ლიდერი და ხაზების დამაკავშირებელი. ნამდვილი ათიანი ძალიან ცოტაა დარჩენილი. ისინი ცრუ გარემარბებად ან ცენტრალურ ნახევარმცველებად გარდაიქმნენ. რიკელმესა და აიმარის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც ხაზების დამაკავშირებლის როლს ირგებდნენ, საერთოდ აღარ არიან“.
ზიდანი: „ათიანები საერთოდ აღარ არიან? მადლობა ღმერთს, რომ შენ კიდევ თამაშობ. როცა პატარები ვიყავით, ყველას გვინდოდა, 10-ნომრიანი მაისურით გვეთამაშა, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი სხვანაირადაა და ათიანი აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ადრე იყო. პოზიცია და როლი, რომელიც ათიანს ჰქონდა, გამქრალია და აღარ არსებობს. 4-3-3 ან 4-3-2 ტაქტიკით თუ ითამაშებ, მიხვდები, რომ ათიანი დაკარგულია. ათიანის პოზიციაზე სათამაშოდ მაგიის ქონაა საჭირო. ათიანი გუნდის ლიდერია და ლიდერის მოვალეობა მომენტების შექმნაა. შენ სხვა ფეხბურთელებისგან სწორედ ეს გამოგარჩევს და ყველაფერს სხვებზე ადრე ხედავ. მე სხვებზე ერთი წამით წინ ვიყავი, შენ სხვებზე 3 წამით წინ ხარ. ფეხბურთელები, რომლებიც ათიანზე თამაშობენ, ბურთის მიღებამდე ხედავენ რის გაკეთებაა საჭირო. შენ ბურთის მიღებამდე იცოდი, რას გააკეთებდი და ეს უნარი ძალიან ცოტას აქვს“.
როგორ დაახასიათა ზიდანმა მესი ერთი სიტყვით
„როგორ დავახასიათებდი მესის ერთი სიტყვით? მაგია! დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შემიძლია, ვუთხრა, როგორც ფეხბურთელს, როგორ ვაღმერთებ! მაგია იმიტომ, რომ ბურთის მიღებამდე იცოდი, რის გაკეთება იყო საჭირო. როცა გიყურებდი, ვიცოდი, რას გააკეთებდი და რაღაც მხრივ ჩვენ შორის კავშირი არსებობდა. ლეოსნაირი ფეხბურთელი ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტა ყოფილა“.
როგორ დაახასიათა მესიმ ზიდანი
„ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ, ახლა აქ იმყოფება. ყოველთვის ვაღმერთებდი და მისი თამაში ძალიან, ძალიან მომწონდა. მის მადრიდულ კარიერას თვალს აქტიურად ვადევნებდი და მის გამო, ვიტანჯებოდი, რადგან ბარსელონაში ვირიცხებოდი. მახსოვს, გალაქტიკო. მახსოვს ბრაზილიასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე შეგდებული ბურთი, მახსოვს, ლევერკუზენის კარში გატანილი გოლი და დიახ, ზიდანი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ელეგანტურობა, ხელოვნება, მაგია... მას ყველაფერი ჰქონდა”.