„ძალიან ეგოისტურად თამაშობს“ - ფედელეს კომენტარი კვარაზე და ნაპოლიზე
„პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ფედელე „უნიონ ბერლინთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, „კვარა“ ძალიან ეგოისტურად თამაშობს.
„გუშინდელი თამაშის შემდეგ, უამრავი ეჭვი გამიჩნდა იმ თავისუფალ ზონებთან დაკავშირებით, რომლებსაც ნაპოლი პირველ ტაიმში ტოვებდა. გულშემატკივრები ილუზიებში არიან და ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ, რეალურად, ყველაფერი ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო, რომელიც მათ ორგანიზებას უმაღლეს დონეზე ახდენდა. ნაპოლის ფეხბურთელები ძალიან თავდაჯერებულნი არიან და არ უნდა ფიქრობდნენ, რომ სხვებზე მაღლა დგანან.
კვარაცხელიასა და დი ლორენცოს ასპარეზობა გასულ სეზონთან შედარებით? დი ლორენცო მხოლოდ იმ როლზე ფიქრობს, რომელიც სპალეტის გუნდში ჰქონდა. ძალიან ბევრ იერიშში ერთვება და მის უკან გაჩენილ სივრცეს არავინ აკონტროლებს. კვარაცხელიას რაც შეეხება, ამ მომენტისთვის, ძალიან ეგოისტურად თამაშობს. თანაგუნდელის საკუთარ თავზე წინ დაყენების ნაცვლად, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და ეფექტურობას კარგავს, თუმცა, მთავარი იმედგაცრუება რა თქმა უნდა, მწვრთნელს უკავშირდება. რუდი გარსიამ შეცვალა სტილი, რომელსაც შედეგი მოჰქონდა და ცვლილებებს აგვიანებს, რის გამოც, თამაში ისე ვერ ვითარდება, როგორც საჭიროა.
რას უნდა ველოდოთ ნაპოლისგან? პარტენოპეი ტიტულს ნამდვილად ვერ დაიცავს. სეზონის სტარტზე მარტივი კალენდარი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და 7 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება ცუდი შედეგია“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება და ლიგაზე მომდევნო მატჩი სწორედ „სამეფო კლუბთან“ ელის.