ბენზემას ზარმაცი უწოდა | 24 საათის შემდეგ, ეშპირიტუ სანტუ გაუშვეს
ორშაბათს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, „ალ-იტიჰადი“ „ალ ქუვა ალ ჯავიიას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლეს და მის შემცვლელს ეძებენ.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, წარუმატებელი შედეგების გარდა, ეშპირიტუ სანტუს გაშვება დაპირისპირებამაც განაპირობა, რომელიც მას კარიმ ბენზემასთან მოუვიდა. „ალ ქუვა ალ ჯავიიასთან“ მატჩის შესვენებაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიმს ზარმაცი უწოდა.
„შესანიშნავი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ზარმაცი ხარ, რათა პრესინგი ითამაშო“, - განუცხადა ეშპირიტუ სანტუმ ბენზემას. „მხოლოდ მე ნუ მომმართავ, მთელ გუნდს მიმართე“, - უპასუხა ბენზემამ, რაზეც სანტუმ უთხრა: „შენ გუნდის ლიდერი, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი და ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტსმენი ხარ. საკუთარ თავზე ინიციატივა უნდა აიღო და სხვებს მაგალითი მისცე“.
საინტერესოა, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ ბენზემამ „ალ-იტიჰადის“ ხელმძღვანელებთან საუბრისას გადაკვრით თქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბში მიმდინარე პროცესებს ხელს უშლის.