კიტეიშვილი ტრავმირებულია, მაგრამ შტურს ბერგამოში მაინც მიჰყვება
გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის შემდეგ ტურში ბერგამოს „ატალანტას“ სტუმრად დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, ოთარ კიტეიშვილს ტრავმა აქვს და ამ მომენტისთვის გუნდს ვერ ეხმარება, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდს იტალიაში მაინც მიყვება.
ამის შესახებ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ოლცერმა ისაუბრა:
ოლცერი:
„ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზულია. მას აქილევსის მყესი იმდენად აქვს დაჭიმული, რომ თამაში არ შეუძლია, თუმცა ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და სურს, რომ იტალიაში ჩვენთან ერთად იყოს. მისი სურვილი დაკმაყოფილებულია და ჩვენთან ერთად მოდის.“
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ოქტომბრის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ, მოედანზე აღარ გასულა. რაც შეეხება „შტურმს“, ევროპის ლიგის ჯგუფის სატურნირო ცხრილში 4 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა ამავე რაოდენობის ქულები აქვს მეორე პოზიციაზე მყოფ „სპორტინგსაც“.