„ვოლკანოვსკის ურთულესი გამოცდა ელის“ - ბისპინგი თოფურიას საჩემპიონო ბრძოლაზე
17 თებერვალს, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.
მოახლოებულ დაპირისპირებას მოუთმენლად ელიან მსოფლიო MMA-ს წარმომადგენლებიც. მათ შორის ერთ-ერთი არის UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, მაიკლ ბისპინგი. ინგლისელმა მებრძოლმა Eurosport-თან ინტერვიუში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჩემპიონობის საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.
რას ამბობს ბისპინგი:
როდესაც ილია თოფურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ბიჭი დაუმარცხებელია. ნახეთ, როგორ მოექცა ბრაის მიტჩელს, გამოვიდა და მასზე მთელი ბრძოლის განმავლობაში დომინირებდა.
ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი იქნება ესპანური MMA-სთვის. სპორტის ეს სახეობა ახლა ნამდვილად გლობალურია და ამ ქვეყანაშიც იკიდებს ფეხს. დიდი შანსია, თოფურია ესპანეთის ისტორიაში პირველი ჩემპიონი იყოს, მის წინააღმდეგ კი ისეთი მებრძოლი იქნება, როგორიც ალექსანდრ ვოლკანოვსკია. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს, დიდ პატივს სცემენ და ყველა აღფრთოვანებულია.
ვფიქრობ, ვოლკანოვსკი როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად მზად იქნება, მაგრამ თოფურიასთან მას საკმაოდ მძიმე გამოცდა ელის.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა. ილია თოფურიას ინფორმაციით კი ბრძოლა აშშ-ში, კერძოდ კი ლოს ანჯელესში გაიმართება.