გიორგი გოჩოლეიშვილი, გეორგი სუდაკოვი, მარინო პუშიჩი
Aa
Aa

შესანიშნავი კომბინაცია იყო - სუდაკოვის, პუშიჩის და ჩავის შეფასებები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში დონეცკის „შახტარმა'' ჰამბურგში „ბარსელონა'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სიკანის აქტივშია, საგოლე პასი გიორგი გოჩოლეიშვილმა შეასრულა, რომელიც დონეცკურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, Whoscored-მა ქართველს 7,37 დაუწერა. „შახტარის'' ფეხბურთელთაგან მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ დანილო სიკანმა (7.46) და იაროსლავ რაკიცკიმ (7.47) მიიღეს. ასევე გეტყვით, რომ „ბარსადან'' გოჩოლეიშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ ჟოაუ კანსელუს დაუწერეს - 7,69.

მატჩის შემდეგ მედიასთან გეორგი სუდაკოვმა, მარინო პუშიჩმა და ჩავიმ ისაუბრეს.

გეორგი სუდაკოვი: „ძალიან კარგი გოლი იყო. გოჩოლეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავინახე, გადაცემა მისი მისამართით შევასრულე, მან ძალიან კარგად ჩააწოდა და სიკანმა შეაგდო. შესანიშნავი კომბინაცია იყო.

„ბარსელონასთან’’ პირველი მატჩი გავაანალიზეთ, მეტოქე შევისწავლეთ, მოედნის ცენტრში კარგად თამაშობენ, ამიტომ მოედნის ცენტრში კომფაქტურად ვმოქმედებდით. ზოგადად, გუნდმა კარგად ითამაშა, ხასიათი აჩვენა’’.

„შახტარის’’ მთავარი მწვრთნელი მარინო პუშიჩი: „უპირველესად, ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. ორგანიზებისა და სათამაშო ხარისხის კუთხით საქმე ბრწყინვალედ შეასრულეს. როგორც უკვე ვთქვი, შეტევაში მხოლოდ მაშინ შეიძლება წახვიდე, თუ თავის დაცვა კარგად შეგიძლია. დაცვითი ფუნქციების შესრულების კუთხით დიდი ენერგია გავიღეთ’’.

„ბარსელონას’’ მთავარი მწვრთნელის, ჩავის თქმით, კატალონიურმა კლუბმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

ჩავი: „შახტარის’’ ფეხბურთელებიდან სუდაკოვი, სიკანი და ნევერტონი მომეწონა, მაგრამ ზოგადად გუნდი თავს ძალიან კარგად იცავდა. ახლა უნდა დავისვენოთ, შეცდომები გავაანალიზოთ და „ალავესთან’’ მატჩისთვის მოვემზადოთ’’.

„ბარსამ'' და „პორტუმ'' 4 ტურში 9-9 ქულა დააგროვეს, „შახტარის'' აქტივში 6 ქულაა, „ანტვერპენი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

მე-5 ტურში „ბარსელონა'' „პორტუს'' მიიღებს, „შახტარი'' - „ანტვერპენს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები