ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ლეონარდო ბონუჩი, ურს ფიშერი
Aa
Aa

კვარასა და რასპადორის 1 მომენტიც ეყოთ - ბონუჩი ნაპოლისთან მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „ნაპოლი’’ ბერლინის „უნიონს’’ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „უნიონის’’ იტალიელმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ მედიასთან ისაუბრა.

ლეონარდო ბონუჩი: „იღბლიანი ვარ „ნაპოლისთან’’ დაპირისპირების გამო. ბოლო წლებში „ნაპოლის’’ წონა ევროპულ ფეხბურთში გაიზარდა. „ნაპოლიმ’’ პატივისცემა დაიმსახურა, განსაკუთრებით ეს საშინაო მატჩებზე ითქმის, როცა გუნდს პუბლიკის მხარდაჭერა აქვს. „ნაპოლიდან’’ რამდენიმე მოთამაშე იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩემი თანაგუნდელი იყო.

პირველ მატჩში „ნაპოლის'' გამარჯვებისთვის ერთი მომენტიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კვარაცხელიას რასპადორისთვის საგოლე პასი მიეცა და გაეტანა, მათ ერთი მომენტიც ეყოთ. ასე რომ მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

ეს ჩემი ბოლო სეზონია. იმედი მაქვს, კარიერას იტალიის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატზე დავასრულებ''.

„უნიონის'' მთავარი მწვრთნელის, ურს ფიშერის კომენტარი:

„პირველი მატჩი კარგად ჩავატარეთ, გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები გვქონდა. „ნაპოლის’’ 1 შანსი ჰქონდა და ეს შანსი გამოიყენა, ეს უიღბლობაა, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მაღალ დონეზე შეიძლება მოხდეს. გვსურს, ხვალ კარგად ვითამაშოთ ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქომაგებისთვის და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ. პირველივე წუთიდან „ნაპოლის’’ მხრიდან ზეწოლას ველით, რადგან მათ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ. ცხადია, გუნდში ისეთი განწყობა არაა, როგორიც გასულ ზაფხულში იყო, მაგრამ ეს ლოგიკურია წარუმატებელი თამაშის გამო. მიუხედავად ამისა, თამაშის სურვილი უნდა გამოვავლინოთ. ზეწოლა ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, თუმცა როცა თამაში იწყება, მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ’’.

C ჯგუფში „რეალი'' 9 ქულით პირველ ადგილზეა, „ნაპოლის'' აქტივში 6 ქულაა, „ბრაგა'' 3 ქულით მესამე ადგილზეა, ბერლინის „უნიონი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

მე-4 ტურში „ნაპოლი'' - ბერლინის „უნიონის'' მატჩი 8 ნოემბერს, 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები