„ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია“ | რა თქვა უნიონ ბერლინის მცველმა კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება. გერმანული კლუბის მცველმა, დიოგუ ლეიტემ La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. ლეიტემ „კვარას“ მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მას მატჩის სცენარის შეცვლა ერთი მოქმედებით შეუძლია.
„ნაპოლი შესანიშნავი გუნდია და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. პარტენოპეი ბურთს კარგად ანაწილებს და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა ნაპოლის მოთამაშეები შევაჩეროთ და მოსაგებად შანსები შევქმნათ. ვიქტორ ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ნაპოლის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც იციან, ვიქტორი როგორ ჩაანაცვლონ.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია და დრიბლინგითა და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. კვარაცხელიას ერთი მოქმედებით თამაშის შეცვლა შეუძლია. ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია და მას შანსები არ უნდა მივცეთ. გუნდურად მაღალ დონეზე უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“.
ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 21:45-ზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, „უნიონ ბერლინი“ 0 ქულით ბოლოა.