გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

„ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ, რომ ყოველთვის მზად ვიყო“ - გოგა ბითაძის ინტერვიუ

NBA-ს გუნდ „ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ამერიკულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ორმაგ დუბლზე ისაუბრა. ამის გარდა, ქართველი ცენტრი სხვა საინტერესო საკითხებსაც შეეხო, როგორებიცაა საქართველოს ნაკრების თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერაც.

რას ამბობს ბითაძე ჟურნალისტებთან:

ლეიკერსთან ორმაგი დუბლი? ეს კალათბურთია და ამ საქმით მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვარ დაკავებული. უბრალოდ, ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში. საკუთარ თავზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობ და მუდამ მზად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერ დროს დამიძახებენ. ჩემი საქმეც სწორედ ეს არის, ხელფასს ამის გამო ვიღებ. ამჯერადაც ასე იყო, დამიძახეს და ჩემი საქმე გავაკეთე, სწორად უნდა მეთამაშა და თავი კარგად დამეცვა. ამ კომპონენტს ნამდვილად ვაქცევ ყურადღებას, რომ კარგი მოხსნები გავაკეთო. ასევე, თანაგუნდელებს კარგი ბლოკები დავუყენე... ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგად გავაკეთე და ზოგადად, კარგი კვირაც ჩავატარე. რაც მთავარია, მწვრთნელებთანაც გავიარე ეს ყველაფერი და ამან კარგი ტონი შექმნა როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა, ჩვენ მოედანზე მათ დასამარცხებლად ვიყავით და საბოლოოდ ასეც მოვიქეცით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშემ თავისი საქმე იდეალურად შეასრულა.

მეტოქე ნამდვილად ძლიერი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო. საოცარ კალათბურთს თამაშობენ. ახლა განსხვავებული გუნდია და ბევრ სამიანს ისვრიან. ეს კარგად შევისწავლეთ. მწვრთნელები ყველა გუნდს სწავლობენ, თამაშის გეგმას ადგენენ, ჩვენ კი ისღა გვრჩება, რომ ეს გეგმა შევასრულოთ და გავიმარჯვოთ. ჩემს თანაგუნდელებს საერთოდ არ აინტერესებდათ ვინ იდგნენ მათ წინააღმდეგ, ისინი დიდ ზეწოლას ახდენდნენ, შესანიშნავ დაცვას თამაშობდნენ და როდესაც ვუყურებდი, მოტივაცია მემატებოდა.

გასულ სეზონთან შედარება? აქ სეზონის ბოლოს მოვედი, ახლა კი რაღაც ახლის დასაწყისია. ზოგადად, ძალიან კარგი სტარტი გვაქვს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა აქტიურად ემზადებოდა ახალი სეზონისთვის - მწვრთნელები, სტაფი, პერსონალი და ა.შ. ეს ჩვენზეც კარგად აისახა. ერთმანეთს ყოველდღე ვეჯიბრებოდით. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელს ვენდობით, ისევე როგორც ის გვენდობა. ახლა ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმის შესასრულებლად, რაც გონებაში გვაქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთან ერთად? ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, მაგალითად გერმანიის ნაკრებს, ჩემპიონს, რომელთანაც დავმარცხდით. ასევე ლუკა დონჩიჩის სლოვენიას. მთლიანობაში, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს წინასასეზონოდ დამეხმარა კიდეც.

ქართველმა გულშემატკივრებმა ჩვენზე ყველაფერი იციან, მაგრამ ხანდახან ვგრძნობ, რომ არ იციან ვითამაშებ, თუ არა. ამის გამო ვგრძნობ, რომ რაღაც ქრება, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვიღებ. არ მაგრძნობინებენ, რომ თუნდაც ორი წუთით ვითამაშე. ამის მიუხედავად, ხალხი მაინც უყურებს ორლანდოს თამაშებს და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო გაიღვიძებდნენ, ან ღამეს გაათენებდნენ. ერთი წუთითაც რომ ვითამაშო, ისინი მუდამ მამხნევებენ და პოზიტიურ შეტყობინებებს მიგზავნიან. დიახ, ჩვენ პატარა ერი ვართ, აქ კი მხოლოდ მე და სანდრო ვართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა და ჩვენით ყველა ამაყობს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ბოლო ტურში გოგა ბითაძემ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება. საგულისხმოა, რომ ქართველმა ცენტრმა ორ ეპიზოდში ენტონი დევისსა და ლებრონ ჯეიმსს დაუფარა, მისმა გუნდმა კი დიდი სხვაობით, 120:101 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა
მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა