მილანი VS პსჟ - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მილანი“ „პარი შენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
წინა მატჩი:
ამ გუნდების მესამე ტურის დაპირისპირება პარიზში გაიმართა და ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებლად 3:0 გაიმარჯვა. ფრანგების მხრიდან გოლები კილიან მბაპემ, კოლო მუანიმ და ლი კანგ-ინმა გაიტანეს.
„მილანი“
„როსონერი“ მძიმე სიტუაციაშია. პიოლის გუნდმა სერია ა-ს ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. გასულ ტურში, ჩემპიონთა ლიგის 7-გზის ჩემპიონი „უდინეზეს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ამ მომენტისთვის, „მილანი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. შეიძლება ითქვას, იტალიელები ფრანგებთან მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდებიან.
დანაკლისი:
ბენასერი, კალულუ, პულიშიჩი, პელეგრინო, კალდარა, ჩუკუვეზე. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სიმონ კიაერის და კრუნიჩის თამაშიც.
რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?
„სამწუხაროდ, შაბათს ყველას იმედგაცრუება მოვახერხეთ და ეს ნათელია. ყველაფერი სხვანაირად უნდა გავაკეთოთ და ეს მოედანზე დავამტკიცოთ. ვიცი, როგორც უნდა გავწვრთნა ეს კოლექტივი. იმედი გულშემატკივრებს ძალიან გავუცრუეთ. თუ გვისტვენდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საშინლად ვითამაშეთ. ახლა გვაქვს შანსი, რომ პსჟ-სთან გამარჯვებით ეს სიტუაცია გამოვასწოროთ.
სხვა გუნდების დადებით შედეგებს აღარ უნდა დაველოდოთ. ამის უფლება აღარ გვაქვს. ყველაფერი რთულად არის, რადგან ძლიერი კონკურენტები გვყავს. მყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და გვაქვს სწორი იდეები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბრწყინვალე მატჩი ვიხილოთ.
იყო მატჩები, სადაც რაღაცები დავაკელით, ვერ მოვიგეთ და ამის საფასური გადავიხადეთ. გპირდებით, ასე აღარ იქნება. მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ხვალინდელი მატჩისთვის მაქსიმალურად სწორად მოვემზადეთ და უდიდესი ენერგია ჩავდეთ.“
„პარი სენ ჟერმენი“
ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგა 1-ში შედეგები გამოასწორა. ამ მომენტისთვის, ფრანგული გიგანტი სატურნირო ცხრილში 24 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე დაფუძნებულ „ნიცას“ 1 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში, პსჟ საკუთარ კედლებში „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
დანაკლისი:
ამ მხრივ ესპანელ მწვრთნელს პრობლემები აქვს. მის განკარგულებაში მარკო ასენსიო, კიმპემბე, კეილორ ნავასი, ნუნო მენდეში და დანილო პერეირა არ იქნებიან.
რა თქვა ენრიკემ მატჩის წინ:
გუნდის დამოკიდებულებით პირველივე დღიდან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ, მაშინაც კი, თუ რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი. პროგრესი აშკარაა. გუნდს ბრძოლის სურვილი აქვს და ეს მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვსწავლობთ, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომლითაც მოწინააღმდეგეს მასთან ადაპტირებას ვაიძულებთ.
მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით, ისტორიულ სტადიონზე და საკმაოდ რთულ ჯგუფში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და შესანიშნავი თამაშის სურვილი აქვთ. ნათელი წარმოდგენა გვაქვს და გვინდა, რომ ბურთი „მილანზე“ მეტ ხანს გვქონდეს და ასევე, მეტი შანსი შევქმნათ.
მდგომარეობა ჯგუფში
წარუმატებლობის შემთხვევაში, „მილანი“ ჯგუფში ჩარჩენისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ამ მომენტისთვის, „როსონერი“ 2 ქულით ბოლო ადგილზეა. პირველ პოზიციაზე 6 ქულით „პარი სენ ჟერმენია“. 4-4 ქულით „დორტმუნდი“ და „ნიუკასლი“ მეორე-მესამე ადგილს იყოფენ. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 7 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.