ნიკა ნინუა, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

3 გოლი ხუთ შეხვედრაში - გორდეზიანი დაბრუნდა და კარგ ფორმაშია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 21 წლის ფეხბურთელს პაოკ-ის პირველ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ეძლევა, თუმცა მეორე გუნდში საკმაოდ შედეგიანია. სუპერ ლიგა 2-ის გასულ ტურში გორდეზიანის გუნდმა „ანაგენისი კარდიცა’’ 2:0 დაამარცხა. ანგარიში ქართველმა ფორვარდმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა, მეორე გოლისას ვასილიოსის აქტივში საგოლე პასია. მან ეს მატჩი სასტარტოში სრულად ჩაატარა, ხოლო მის თანაგუნდელ ნიკა ნინუას ტრავმის გამო არ უთამაშია.

გორდეზიანმა ამ სეზონში სუპერ ლიგა 2-ის ხუთ შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროშესარჩევში ნიდერლანდებთან და შვედეთთან ვერ დაეხმარა. ნიდერლანდებთან მატჩის წინ რამაზ სვანაძემ გორდეზიანის შესახებ ვრცლად ისაუბრა:

„გორდეზიანთან დაკავშირებით უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ მისი საქართველოს ნაკრებში თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ, სამშობლოს დაუბრუნდა. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს ამ ასაკში, სამუშაო მასაც ძალიან ბევრი აქვს. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენს კოლექტივში უპრობლემოდ ჩაეწერა. ასევე უნდა ავღნიშნო ის თვისება, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ვგულისხმობ საგოლე ალღოს, ამ კუთხით იობაშვილი და გორდეზიანი ძალიან გამოირჩევიან. მათი ყოფნა ჩვენთვის დამატებითი ფუფუნებაა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ამას ემატება ის ყოველდღიური შრომა, რაც პროგრესისთვის აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ შემდგარ ფეხბურთელებად''.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება (16 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები