ცუდი ამბავი: ხოჭოლავას ბოლო 7 თვეში მესამე ოპერაცია ჩაუტარდება
დავით ხოჭოლავა ნოემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. „კოპენჰაგენის'' პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ მცველს მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გამოწვეული რეაქციის გამო პატარა ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც მინიმუმ, ხოჭოლავა ორ კვირას გამოტოვებს, რაც ნიშნავს რომ ვილი სანიოლი შოტლანდიასთან (16 ნოემბერი) და ესპანეთთან (19 ნოემბერი) მატჩებისთვის ვერ გამოიძახებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ხოჭოლავას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ახლა კი მესამე ოპერაციის ჩატარების საჭიროება დადგა.
28 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში დავით ხოჭოლავამ „ვიდოვრესთან’’ ითამაშა, მოედანს ოფიციალურად 7-თვიანი პაუზის შემდეგ ამ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა მალევე „კოპენჰაგენის’’ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა განაცხადა, რომ 30 წლის მცველი კვირაში სამი მატჩის ჩატარებისთვის მზად არ იყო, ახლა კი გაირკვა, რომ მოთამაშე კიდევ ერთ ოპერაციას საჭიროებს.
„შახტარის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული „კოპენჰაგენში'' 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან'' ერთად დანიის ჩემპიონი გახდა (2021-22, 2022-23) და დანიის თასი მოიგო (2022-23).