ლებრონს და დევისს დაუფარა - ბითაძის ორმაგი დუბლი ლეიკერსთან
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 120:101 დაამარცხა და ამაში თავისი სოლიდური წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
„ორლანდომ“ შეხვედრაში უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, როცა 39:25 მოიგო. ამის შემდეგ მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
ბითაძემ ჯამში 25:56 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 10 ქულა, 10 მოხსნა, 5 დაფარება და 2 გადაცემა იყო. ბითაძემ 6-დან 3 სროლა გამოიყენა და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +27 იყო.
გოგას მომენტები VS ლეიკერსი
გოგამ ჩვეულ სტილში დაფარებები ამჯერადაც ეფექტურად გამოიყენა. ორ ეპიზოდში კი დევისსა და ლებრონსაც დაუფარა.
„მეჯიქის“ რიგებში ყველაზე მეტი 26 ქულა გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო. „ლეიკერსს“ კი 28 ქულით ენტონი დევისმა ულიდერა. ლებრონ ჯეიმსს 24 ქულა ჰქონდა.
„ორლანდოს“ მიმდინარე სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. ბითაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება.