ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, სალერნიტანა, რუდი გარსია
Aa
Aa

მისთვის სათამაშო დროის წართმევა რთულია - გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა

სერია ა-ს მე-11 ტურში „ნაპოლი’’ „სალერნიტანას’’ ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „პარტენოპეის’’ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, 4-2-3-1 ტაქტიკური ფორმაცია შესაძლებელია გუნდისთვის სარგებლის მომტანი იყოს. ასევე, მან აღნიშნა, რომ დაცვითი ფუნციების შესრულებაში 11-ვე მოთამაშე უნდა მონაწილეობდეს.

 „მილანთან’’ პირველ ტაიმში 2 გოლი გავუშვით. შეგვეძლო, ტაიმი 1:1 დაგვესრულებინა, ანგარიშის გათანაბრების რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ნამდვილად გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ყოველთვის უმჯობესია თამაში პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ. ვეცდებით, ეს ხვალ გავაკეთოთ.

4-2-3-1 ფორმაცია შესაძლებელია სასარგებლო იყოს, ეს არამარტო „მილანთან’’, არამედ სხვა შეხვედრებშიც გამოჩნდა. შესაძლოა, ხვალ ამ ფორმაციით ვითამაშოთ. უფრო ცოტა გოლები უნდა გავუშვათ.  დაცვით ფაზებში ოდნავ უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს, მაგრამ დაცვითი ფუნციების შესრულება სოლიდური მხოლოდ მაშინ იქნება, როცა დაცვითი ფუნციების შესრულებაში 11-ვე ფეხბურთელი ჩაერთვება.

ხვალ ადვილი თამაში არ იქნება, თუმცა გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. შესაძლოა, 4-2-3-1 გამოსავალია''.

რუდი გარსიას იესპერ ლინდსტრომის მცირე სათამაშო დროზე ჰკითხეს. ამ კითხვაზე გარსიამ შემდეგი პასუხი გასცა:

„მას გარვეული სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა გარემარბი გადამწყვეტი უნდა იყოს გოლებითა და საგოლე პასებით. ასევე, ამ ეტაპზე სხვებისთვის კვარაცხელიასთან და პოლიტანოსთან კონკურენციის გაწევა და მათთვის სათამაშო დროის წართმევა რთულია, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ კვარაცხელიასა და პოლიტანოს ყოველ მატჩში 90 წუთი თამაში არ შეუძლიათ. შესაბამისად, მათ კონკურენტებს მცირე სათამაშო დრო ეძლევათ და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მიღებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემტევებმა დაცვითი ფუნციები კარგად შეასრულონ. ამ მხრივ ლინდსტრომსა და გუნდს პროგრესი აქვთ''.

მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს საწყისი 10 ტურიდან 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2 მატჩი დათმო. რუდი გარსიას გუნდი 18 ქულით მე-5 ადგილზეა.

„სალერნიტანა'' - „ნაპოლის'' მატჩი 4 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები