გველესიანის გოლი ირანში | პერსეპოლისმა მოგება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა
ირანის ჩემპიონატის მე-9 ტურში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ საკუთარ კედლებში „სანატ ნაფტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 3 ქულა ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მე-14 წუთზე დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, „სანატ ნაფტი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა და „პერსეპოლისმა“ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა. 57-ე წუთზე, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, 75-ზე კი წინ გავიდნენ.
„პერსეპოლისი“ ქართველმა მცველმა დააწინაურა. გველესიანმა პენალტი გამოიყენა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე დაფიქსირდა და „პერსეპოლისმა“ ქულები დაკარგა.
ცნობისთვის, გველესიანის გუნდს 18 ქულა აქვს და ირანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. „პერსეპოლისი“ მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს გამართავს და მესამეადგილოსან „სეფაჰანს“ დაუპირისპირდება.