კვარა მბაპეს შემცვლელად? - პსჟ-ის ამბიციური პროექტი
მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-სთვის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იქნება. გავლენიანი ესპანური სააგენტოების, Fichajes-ის და Defenda Central-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდიდან კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელები მისი მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამგრძელებლად ქართველ ფეხბურთელს განიხილავენ.
რას წერს მედია:
„პარი სენ-ჟერმენი“ ქართველ ვინგერზე აქტიურად ფიქრობს. როგორც ჩანს, ქართველის პროფილი პსჟ-ს შტაბისთვის მისაღებია და კილიან მბაპეს შემთხვევაში ის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა. თუმცა, „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება მარტივი არ იქნება, რადგან ლუის კამპოსს უკვე აქვს მწარე გამოცდილება ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში.
„ნაპოლი“ კვარაცხელიას დაახლოებით 170 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. იმის მიუხედავად, რომ გასულ ზაფხულს პსჟ-მ 300 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა, სავარაუდოდ, კატარელი ინვესტორებისთვის ამ საფასურის გადახდა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მომავალ ზაფხულს, მბაპეს გაყიდვის შემთხვევაში კლუბი დამატებით ასეულ მილიონებს მიიღებს. ვნახოთ, რა მოხდება... გაგრძელება იქნება...
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს, ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეუერთდა და პირველივე სეზონში შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. 2022/23 წლების სეზონში ქართველი შემტევი სერა A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ასევე, ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის ნომინანტებშიც შეძლო მოხვედრა და საბოლოოდ, მე-17 ადგილს დასჯერდა.