დიდებული დუეტის დაბრუნება? - სუარესი ინტერ მაიამის უახლოვდება
ავტორიტეტული გამოცემა El Pais საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლუის სუარესი შესაძლოა „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს და ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს.
ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე ღიად მხოლოდ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დევიდ ბექჰემი ურუგვაელი თავდამსხმელის შეძენით არის დაინტერესებული.
დღეს კი El Pais-მა დაწერა, რომ სუარესი „ინტერ მაიამისთან“ აქტიურ კომუნიკაციაშია და შესაძლოა მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდეს.
თუ შეთანხმება შედგება, ვეტერანი თავდამსხმელი ამერიკაში დეკემბერში ჩაფრინდება, რადგან იქამდე ის თავისუფალი აგენტი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სუარესი „გრემიოს“ ღირსებას იცავს, სადაც მიმდინარე წლის პირველ იანვარს გადავიდა. დღემდე ლუისმა ბრაზილიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 45-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.