ნინო პასიკაშვილი
Aa
Aa

“მოგება ჩვენზე მეტად უნდოდათ“ - ნინო პასიკაშვილი ლიეტუვასთან მარცხზე

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ქალთა ნაკრები, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ნინო პასიკაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც წაგების მიზეზებზე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნინო პასიკაშვილმა?

„წაგების მიზეზი ის არის, რომ ლიეტუვას უფრო მეტად უნდოდა გამარჯვება, ვიდრე ჩვენ. ყველამ იცის, რომ არ არის მარტივი ასეთ მოკლე პერიოდში ერთი და იგივე ნაკრებთან თამაში. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო შტაბმა ბევრი ანალიზი გააკეთა, გამოდის, რომ მათ უფრო კარგად შეგვისწავლეს, ვიდრე ჩვენ ისინი. სამწუხაროდ ასე მოხდა..

წაგების ყველაზე დიდი მიზეზი სწორედ ეს არის. ლიეტუვას უფრო უნდოდა მოგება, ვიდრე ჩვენ. ისინი უფრო მეტად მოტივირებული და კონცენტრირებულნი იყვნენ. ტაქტიკურად, რაც არ უნდა დალაგებული იყოს გუნდი, თუ შიგნით 11 ფეხბურთელი ხასიათს არ გამოვლენს, მაგის გარეშე წარმოუდგენელია. ის ხასიათი, რაც ჩვენ უნდა გამოგვევლინა, გამოავლინა ლიეტუვამ.

დღესაც მგონია, რომ ყველა ასპექტში უკეთესი ნაკრები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ მაინც წავაგეთ. ფეხბურთია და მარტო გაშვებულ გოლებზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. გოლის გატანის საშუალებაც უნდა გვქონდეს და ამ ასპექტსაც ვერ ვიყენებთ. უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება და ბევრ რამეს გამოვასწორებთ.

მესმის, რომ ჩვენი დონის ნაკრებს შევხვდით, მაგრამ, როგორც ჩანს რამდენიმე თამაში საკმარისი არ იყო შეცდომების გამოსასწორებლად. ჩვენც, ფეხბურთელებიც უფრო მეტს უნდა ვშრომობდეთ, რადგან მწვრთნელისთვის 1 კვირა საკმარისი არ იქნება, რომ ფორმაში მოგვიყვანოს და ის კონდიციები ჩამოგვიყალიბოს, რაც უნდა გვქონდეს.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ, 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ირის ანტმანის გოგოები ლუქსემბურგს უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 1 დეკემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭყონიას კარგი შანსი ჰქონდა | ქალთა ნაკრების ნულოვანი ფრე ლიეტუვასთან
ჭყონიას კარგი შანსი ჰქონდა | ქალთა ნაკრების ნულოვანი ფრე ლიეტუვასთან