„მესამე ფინალის მოლოდინში“ - EJU-ს სტატია ევროპის ჩემპიონატზე
3 ნოემბრიდან, საფრანგეთის დედაქალაქ მონპელიეში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU) ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატიას აქვეყნებს და წონების ფავორიტებს მიმოიხილავს, რომელშიც საუბარი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებზეცაა.
რა წერია სტატიაში:
2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე და დასკვნით დღეს ლუკა მაისურაძე 2022 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებს, ამჯერად კი ზურგზე წითელი არშია ექნება. ყველამ იცის, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს არაერთი დიდი მეტოქე ეყოლება, ერთ-ერთი მათგანი კი მისდა სამწუხაროდ მისივე თანაგუნდელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური იქნება. ძიუდოისტები ერთმანეთს ბოლოს IJF-ის მასტერსის ფინალში შეხვდნენ, სადაც ბექაურმა გაიმარჯვა. წყვილისგან ამჯერადაც მორიგ შოუს ველით. ისინი სხვადასხვა ბადეში არიან და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, წლის მესამე ფინალს ვიხილავთ.
-100 კგ. კატეგორია კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად წონად. ნიჭის სიღრმე რეიტინგის სიღრმემდე აღწევს. ეს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კატეგორიაა და მოწინავე ოთხი კონკურენტი დღეს მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში შედის. შემდეგ მოდის ილია სულამანიძე, რომელიც თავისი სტილით მწვერვალზეა ასული. ის ლიდერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება.
ცნობისთვის, ტურნირისწინა ოფიციალური კენჭისყრა ხვალ, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვევა.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
- -60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
- -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი.
- -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
- -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
- -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე.
- -100 კგ. - ილია სულამანიძე.
- +100 კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი.