„ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენაა“ | სალუქვაძე კვარას მე-17 ადგილზე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სალუქვაძის სიტყვები Metaratings-მა გაავრცელა და ლაშა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში „კვარას“ მე-17 ადგილზე გასვლას გამოეხმაურა.
„ის ფაქტი, რომ კვარამ მე-17 ადგილი დაიკავა, ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა. მიხარია, რომ ასეთი დონის მოთამაშე გვყავს და ვფიქრობ, ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს. მისი ევროპული კარიერა ახლახან დაიწყო. მას შეუძლია, კახა კალაძეს გადაასწროს და ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს“.
ცნობისთვის, „კვარაზე“ წინ კარიმ ბენზემა, ემილიანო მარტინესი, ილქაი გიუნდოგანი, იასინ ბონო, რობერტო ლევანდოვსკი, მოჰამედ სალაჰი, ლუკა მოდრიჩი, ბერნარდუ სილვა, ვიქტორ ოსიმენი, ხულიან ალვარესი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრი, კევი დე ბრუინი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ლიონელ მესი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლოს, ქართველი შემტევი სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.