„მაღალი და გამხდარი ბიჭი მემალება, შენთვის მოვდივარ!“ - მერაბმა სეხუდოს მიმართა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ჰენრი სეხუდოს მიმართა. უდიდესი ალბათობით, „ტრიპელ სი“ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე იქნება და მერაბი მასთან ჩხუბს მოუთმენლად ელის.
„მაღალი და გამხდარი ბიჭი (შონ ომალის გულისხმობს) მემალება და ჰენრი, შენთვის მოვდივარ! მოდი, ვნახოთ, ვისი ჭიდაობა უკეთესია. პატივს გცემ, მაგრამ მაგრად გცემ. შენთან ბრძოლას მოუთმენლად ველოდები და მშიერი ვარ! საქართველოს მთებიდან მოვდივარ და ჩემი ერთადერთი მიზანი ტიტულისთვის ჩხუბია. ყველას გავანადგურებ, ვინც გზაზე გადამეღობება. ყველას მოვკლავ!“
Skinny, tall dude is hiding from me ... so I'm coming for you Henry Cejudo ⚔️???? pic.twitter.com/Go6KBSFzl2
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) November 1, 2023
როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილმა თავად განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე სეხუდო იქნება და ბრძოლა სავარაუდოდ იანვარში გაიმართება. „მანქანას“ UFC-სგან კონტრაქტი ჯერ არ მიუღია და ამ ეტაპზე, ჩხუბის ზუსტი თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.