ბითაძის 1 ქულა და ასისტები | ორლანდო მეჯიქი კლიპერსთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ შემდეგ, ფლორიდელები „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდნენ და ცუდად ჩატარებული მეორე ნახევრის გამო, 102:118 წააგეს.
„ორლანდო“ პირველ ტაიმში დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში „კლიპერსს“ და მის შეტევას ვერაფერი მოუხერხა. ლოს ანჯელესელებმა მესამე მეოთხედი 20 ქულით, 41:21 მოიგეს და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
ბითაძე თამაშში საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 56 წამით ადრე ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 15 ქულით აგებდა. ქართველმა კალათბურთელმა მცირე დრო კარგად გამოიყენა და 1 ქულა, 1 მოხსნა (შეტევაში) და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
„ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 15 ქული პაოლო ბანკეროს ანგარიშზეა. ფრანც ვაგნერმა 14 ქულა გაიფორმა, მისმა ძმამ, მორიცმა - 13. „კლიპერსს“ 27 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რასელ უესტბრუკს 18 ქულა ჰქონდა, ნორმან პაუელმა და ბოუნს ჰაილენდმა 17-17 ქულა ჩააგდეს.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს გამართავს და სტუმრად „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდება.