საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში გაიტანა - აბუაშვილის სადებიუტო გოლი
რუმინეთის თასის მეორე ტურში „კინდიია ტირგოვიშტე’’ შინ „პეტროლულთან’’ 0:2 დამარცხდა. ანგარიში სტუმართა ქართველმა შემტევმა გიორგი აბუაშვილმა გახსნა, ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო, ეფექტურად იმოქმედა და „პეტროლულის'' რიგებში სადებიუტო გოლი შეაგდო. საინტერესოა, რომ გიორგი ცაცია არაა, თუმცა მარცხენათი შესანიშნავი დარტყმა შეასრულა.
აბუაშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს.
20 წლის შემტევი, რომელიც რუმინულ კლუბს გასულ ზაფხულში „პორტუს’’ სარეზერვო გუნდიდან შეუერთდა, „პეტროლულის’’ სასტარტოში პირველად ითამაშა.
გიორგის ბიუროკრატიულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, ამის გამო რუმინულ კლუბში ვერ თამაშობდა, თუმცა ახლახან ეს პრობლემა მოგვარდა, მისი დებიუტი რუმინულ კლუბში ჩემპიონატის გასულ ტურში „სტიაუასთან’’ შედგა, 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, დღეს კი რუმინეთის თასზე გოლი გაიტანა.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები ნიდერლანდებთან და შვედეთთან ჩაატარა. ნიდერლანდებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძეს აბუაშვილზე ვკითხე და მან ფეხბურთელზე ვრცლად ისაუბრა.
„ვთვლით რომ აბუაშვილი ამ თაობაში ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ მას ყოველთვის გვერდით ვედექით და ყოველთვის ასე იქნება. უბრალოდ, აქ იყო ორი მომენტია, ჯერ რუმინულ კლუბში ვერ დარეგისტრირდა, თუმცა როგორც ვიცით საბუთები გადაგზავნილია და ეს პრობლემა მალე მოგვარდება. მეორე პრობლემა სათამაშო დროა, მას აუცილებლად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რომ იმ ძველ პოზიციებზე დაბრუნდეს და გაამართლოს ის იმედები, რომელიც დიდი ხანია მასზე გაცემულია''.