ისტორიაში მესამედ | ჟურნალისტთა ნაკრებმა საერთაშორისო მედიატურნირი მოიგო
თბილისმა კოტე მახარაძის სახელობის ფეხბურთის მედიატურნირს მეოთხედ უმასპინძლა. გათამაშებაში 7 სხვადასხვა ქვეყნის მედიანაკრებმა მიიღო მონაწილეობა, ოქროს მედლები კი საქართველოს გუნდს დარჩა.
ტურნირში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა და ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ: საქართველო, სომხეთი, ლატვია და ინდოეთი A ჯგუფში ასპარეზობდნენ, საქართველო 2, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუმინეთი კი - B-ში.
საქართველოს პირველმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და 1/2 ფინალში აზერბაიჯანზე გავიდა. მეორე ნახევარფინალში რუმინეთი და სომხეთი ხვდებოდნენ.
ჩვენებმა აზერბაიჯანელებს დაძაბულ მატჩში 3:2 აჯობეს, ფინალში კი ასევე რთულ ბრძოლაში რუმინეთი დაამარცხეს - 4:2.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ სომეხი ხორენ მანუკიანი დასახელდა; საუკეთესო მცველად - ლატვიელი იანის რაზდანსი; საუკეთესო ნახევარმცველად - დავით ფრანგიშვილი; საუკეთესო ფორვარდად - აზერბაიჯანელი ნურამ ისკანდეროვი.
გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 6 გოლით, ირაკლი სიხარულიძე გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი რუმინელმა რობერტ მიკუმ მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა ეს საერთაშორისო მედიატურნირი საკუთარ კედლებში მე-4 მცდელობიდან პირველად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჟურნალისტთა გუნდმა სექტემბერში, ამავე მედიატურნირის ეგიდით, ლიეტუვაში ითამაშა და მე-3 ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში, ეს მე-12 გამოსვლა იყო და შედეგები ასეთია: 3-ჯერ - ჩემპიონობა; 3-ჯერ - მეორე ადგილი და 2-ჯერ - მესამე პოზიცია.
„კოტეს თასი“ „ნიუ ვიჟენის“ საფეხბურთო კომპლექსში, „ინტერის აკადემიის“ მოედნებზე ჩატარდა. 2024 წლის მაისში ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი და უფრო მასშტაბური მედიატურნირი იგეგმება.