კვირაში 3 მატჩისთვის მზად არაა - კოპენჰაგენის მწვრთნელი ხოჭოლავაზე
დანიის სუპერლიგის გასულ ტურში დავით ხოჭოლავამ „ვიდოვრესთან’’ ითამაშა, მოედანს ოფიციალურად 7-თვიანი პაუზის შემდეგ ამ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა „კოპენჰაგენის’’ მთავარი მწვრთნელის, იაკობ ნესტრუპის თქმით, ქართველ მცველს დანიის თასზე „მიდტიულანდთან’’ არ ათამაშებს, დანიელმა სპეციალისტმა მიზეზი განმარტა.
იაკობ ნესტრუპი: „დანიის თასის შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა წინა უნდა გავიხედოთ, ელიას აჩურისა და დავით ხოჭოლავაზე ვზრუნავთ, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა მათთვის „ვიდოვრესთან’’ სათამაშო დროის მიცემა, თუმცა ჯერ ხოჭოლავა მზად არაა კვირაში სამი მატჩი ჩაატაროს’’.
„კოპენჰაგენი'' უახლოეს შეხვედრას დღეს „მიდტიულანდთან'' ჩაატარებს, შემდეგ დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში „რანდერსს'' ესტუმრება (5 ნოემბერი), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან'' საშინაო მატჩი მოჰყვება (9 ნოემბერი).
30 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული „კოპენჰაგენში'' 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან'' ერთად დანიის ჩემპიონი გახდა (2021-22, 2022-23) და დანიის თასი მოიგო (2022-23).