დე ლაურენტისი ფეხბურთელებს შეხვდა | Gazzetta ნაპოლიში არსებულ ვითარებაზე წერს
La Gazzetta dello Sport-მა დღევანდელ ნომერში „ნაპოლიში“ შექმნილ ვითარებაზე დაწერა. ავტორიტეტული იტალიური გაზეთის მიხედვით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიასა და ფეხბურთელებს შეხვდა და მათი მოტივირება სცადა, მაგრამ „პარტენოპეი“ დამაჯერებელ თამაშს მაინც ვერ აჩვენებს.
„აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას, სამწვრთნელო შტაბსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. იგი ფეხბურთელებსაც გაესაუბრა და ყველაფერს აკეთებს, რათა მოტივაცია გაზარდოს, მაგრამ ნაპოლის შედეგები დამაჯერებელი კვლავინდებურად არაა. პარტენოპეი მასზე სუსტი მეტოქეების წინააღმდეგ ბრწყინვალეა, მაგრამ როგორც კი, მოწინააღმდეგეების დონე იმატებს, პრობლემები ექმნება“, - წერს La Gazzetta dello Sport-ი.
იტალიური გამოცემა დასძენს, რომ დე ლაურენტისი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელადაც მზადაა და თუ ვითარება არ გამოსწორდა, გარსიას პოსტის დატოვება მოუწევს. Gazzetta-ს მიხედვით, თუ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზურის მოპოვების საკითხი რისკის ქვეშ დადგება, ფრანგ სპეციალისტს გაუშვებენ. 10 ოქტომბერს, დე ლაურენტისი გარსიას გაშვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ანტონიო კონტეს უარმა ვითარება შეცვალა.
ცნობისთვის, სერია A-ს 10 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გამართავს და ბოლოადგილოსან „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.