გოგამ მხოლოდ 1 წუთი ითამაშა | ორლანდო ლეიკერსთან მოგებასთან ახლოს იყო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სტუმრად გამართული მატჩი 3 ქულით დათმო.
საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, „ორლანდო“ 4 ქულით იგებდა - 100:96. ენტონი დევისის ორქულიანისა და ლებრონ ჯეიმსის სამიანის შემდეგ, „ლეიკერსი“ 1 ქულით დაწინაურდა, თუმცა მათ ჯეილენ საგსმა სამიანით უპასუხა, რასაც „ლეიკერსის“ გამთამაშებლის დიანჯელო რასელის გასროლა მოჰყვა და მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ - 104:103. შეხვედრის ბოლო წამებზე „მეჯიქს“ ჯერ დაწინაურება, შემდეგ კი ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საგსის სროლები არაზუსტი აღმოჩნდა და „ლეიკერსმა“ 106:103 მოიგო.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 1 წუთი და 18 წამი გაატარა. იგი მეორე მეოთხედის მიწურულს შეიყვანეს და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო გარი ჰერისი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა და 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ფრანც ვაგნერს 16 ქულა ჰქონდა, ჯეილენ საგსს - 15. „ლეიკერსის“ მხრიდან 28 ქულით დიანჯელო რასელი გამოირჩა. ენტონი დევისმა 26 ქულა და 19 მოხსნა გააკეთა, ლებრონ ჯეიმსმა კი მატჩი 19 ქულით დაასრულა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 2 მოგება და 1 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 გახლავთ. ბითაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს კლიპერსია, რომელსაც 1-ელ ნოემბერს დაუპირისპირდება.