ლიონელ მესი, დიეგო მარადონა
Aa
Aa

„ამ ჯილდოს დიეგოს ვუძღვნი“ - რა თქვა მესიმ მე-8 ოქროს ბურთის ჩაბარების შემდეგ

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო. 36 წლის სუპერვარსკვლავს კუთვნილი ჯილდო საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე თეატრში გადაეცა.

ოქროს ბურთის ჩაბარების შემდეგ, მესიმ დამსწრე საზოგადოებას ემოციები გაუზიარა და მე-8 ოქროს ბურთი დიეგო მარადონას მიუძღვნა.

რა თქვა მესიმ:

პირველ რიგში, მინდა გავიხსენო დიეგო და ეს ჯილდო მას მივუძღვნა. დღეს დიეგო მარადონას დაბადების დღეა. სადაც არ უნდა იყო, გილოცავ დაბადების დღეს და ამ ჯილდოს შენ გიძღვნი.

სასიამოვნოა ისევ აქ ყოფნა და ამ მომენტით ტკბობა. ძალიან სასიამოვნოა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ასევე, ამ ოცნების ასრულება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა და ამ ყველაფერს მივაღწევდი. გამიმართლა, რომ ისტორიაში საუკეთესო გუნდის ნაწილი ვიყავი. ერთად მოვიგეთ კოპა ამერიკა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ასეთი მძიმე მომენტების შემდეგ.

ყველა ოქროს ბურთი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა გუნდის გარეშე, დაფასება კი ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ოქროს ბურთი აქამდე შვიდჯერ მოიგო - 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები