კვარა და პოლიტანო საუკეთესოები იყვნენ - ბრუსკოლოტი რაჰმანის აკრიტიკებს
ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, რომელმაც 1986-87 წლების სეზონში მარადონას ეპოქის „ნაპოლისთან’’ ერთად სკუდეტო მოიგო, „ნაპოლი’’ – „მილანის’’ მატჩის შესახებ Campania Sport-თან ისაუბრა. მისი თქმით, „პარტენოპეიში’’ ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება ამირ რაჰმანიმ დატოვა, ყველაზე კარგი - კვარაცხელიამ და პოლიტანომ.
ბრუსკოლოტი ამირ რაჰმანიზე: „ნაპოლის’’ მხრიდან ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება ამირ რაჰმანიმ დატოვა, ყველაზე ცუდი იყო, გაუგონარი რაღაც გააკეთა, საზიზღარი შეცდომები დაუშვა. როგორც ყოფილმა მცველმა, შემიძლია მშვიდად გითხრა, რომ მისი თამაში ნამდვილად იმედისგამაცრუებელი იყო’’.
ბრუსკოლოტი გარემარბებზე: „გარემარბები ძალიან მომეწონა, კვარაცხელია და პოლიტანო საუკეთესოები იყვნენ’’.
შეგახსენებთ, „ნაპოლი'' - „მილანის’’ მატჩი „დიეგო მარადონაზე’’ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი ოლივიე ჟირუს დუბლით „როსონერიმ’’ მოიგო, მეორე ტაიმში მატეო პოლიტანომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ჯოვანი რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა და „პარტენოპეი’’ მარცხისგან იხსნა. საგოლე მოქმედებებში ხვიჩა კვარაცხელია არ მონაწილეობდა, თუმცა თავი კარგად წარმოაჩინა, განსაკუთრებით აღსანიშნავი პირველი ტაიმის ეპიზოდია, როცა პოლიტანოს მაგარი შანსი შეუქმნა, თუმცა იტალიელს სიზუსტე დააკლდა.
ამ მომენტში რუდი გარსიას „ნაპოლი’’ 18 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა თუ დღეს „ატალანტა’’ სტუმრად „ემპოლის’’ დაამარცხებს ან „ფიორენტინა’’ რომში „ლაციოს’’ მოუგებს, „პარტენოპეი’’ დაქვეითდება. თუ ორივე აღნიშნული გუნდი გაიმარჯვებს, მოქმედი ჩემპიონი მე-6 ადგილზე დაქვეითდება. სერია ა-ს შემდეგ ტურში „ნაპოლი’’ ბოლოადგილოსან „სალერნიტანას’’ ესტუმრება (4 ნოემბერი, 18:00).
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.