ლეაუ თუ კვარა? ახლა ქართველი უკეთესია - ფერარას და მარკეჯანის შეფასებები
სერია ა-ს მე-10 ტურში „ნაპოლისა’’ და „მილანის’’ მატჩი „დიეგო მარადონაზე’’ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი ოლივიე ჟირუს დუბლით „როსონერიმ’’ მოიგო, მეორე ტაიმში მატეო პოლიტანომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ჯოვანი რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა და „პარტენოპეი’’ მარცხისგან იხსნა. საგოლე მოქმედებებში ხვიჩა კვარაცხელია არ მონაწილეობდა, თუმცა თავი კარგად წარმოაჩინა, განსაკუთრებით აღსანიშნავი პირველი ტაიმის ეპიზოდია, როცა პოლიტანოს მაგარი შანსი შეუქმნა, თუმცა იტალიელს სიზუსტე დააკლდა.
ამ მატჩის შესახებ ჩირო ფერარამ ისაუბრა. მისი თქმით, იმედგაცრუებას ორივე გუნდი უნდა გრძნობდეს:
„ნაპოლი’’ შესაძლოა მეორე ტაიმში გამოვლენილი რეაქციით კმაყოფილი იყოს, თუმცა პირველი ტაიმით კმაყოფილების საფუძველი არ აქვს, თამაში „მილანმა’’ გააკონტროლა. ლამაზი და ინტენსიური მატჩი იყო, თუმცა ვფიქრობ, შედეგით ორივე გუნდი იმედგაცრუებულია’’.
კითხვაზე კვარა თუ ლეაუ, ჩირო ფერარა ამ მომენტში უპირატესობას ქართველს ანიჭებს:
„ამ მომენტში ქართველი უკეთესია, ჩვენ ხშირად განვიხილავთ მათ გოლებსა და საგოლე პასებს. ამ მომენტში კვარაცხელია რაღაც უფრო მეტს აძლევს „ნაპოლის’’, თუმცა სეზონის დასაწყისში უჭირდა’’.
Sky Sport-ის სტუდიაში ჩირო ფერარასთან ერთად ლუკა მარკეჯანიმ ისაუბრა:
„ნაპოლიმ'' მეორე ტაიმი ბრწყინვალე ინტენსიურობით ჩაატარა, თამაში გააკონტროლეს. ამ საღამოს კვარა ლეაუზე უკეთესი იყო. შესანიშნავი თამაში გამოვიდა''.
ამ მომენტში რუდი გარსიას „ნაპოლი’’ 18 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა თუ დღეს „ატალანტა’’ სტუმრად „ემპოლის’’ დაამარცხებს ან „ფიორენტინა’’ რომში „ლაციოს’’ მოუგებს, „პარტენოპეი’’ დაქვეითდება. თუ ორივე აღნიშნული გუნდი გაიმარჯვებს, მოქმედი ჩემპიონი მე-6 ადგილზე დაქვეითდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.
სერია ა-ს შემდეგ ტურში „ნაპოლი’’ ბოლოადგილოსან „სალერნიტანას’’ ესტუმრება (4 ნოემბერი, 18:00).