„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მიწურულს ხვიჩას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, ხელსაყრელი სიტუაციიდან მისი დარტყმული მაიკ მენიომ მოიგერია.
კვარა VS მილანი
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ კვარას თამაში შეაფასა.
MundoNapoli.it – 6.5 ქულა: ყოველთვის ცდილობდა გამწვავებას, ხშირად ცდებოდა მეტოქეს და რამდენჯერმე გოლის გატანასთან ახლოს იყო.
TuttoNapoli.net – 6 ქულა: დამრიგებელი, რომელმაც 27-ე წუთზე პოლიტანო ცარიელ კართან მარტო დატოვა. ხშირად უწევდა ორმაგი დაცვის წინაშე თამაში, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა რიცხობრივი უპირატესობის შექმნას. ბოლოს შანსი ჰქონდა, რომ მარადონა აეფეთქებინა, მაგრამ დაღლილი იყო და ბურთის კუთხეში გაშვება ვერ შეძლო.
Calciomercato.com – 6.5 ქულა: ლამაზი დუელი კალაბრიასთან. „მილანის“ მცველი მას ძალიან ცოტას უფლებას აძლევდა, მუდამ ორმაგი დაცვა იყო, მაგრამ ქართველი საფრთხეებს ხშირად ქმნიდა. ბოლო წამებზე მან ქაოსი შექმნა და ახლოს იყო გამარჯვების გოლის გატანასთან, მაგრამ მენიომ თქვა - არა!
Napoligol.it – 7 ქულა: პირველ ტაიმში პოლიტანო კარის წინ დატოვა. ის მუდამ ცდილობს, ცდილობს და ცდილობს. მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მაიკ მენიომ საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
Eurosport.it – 6.5 ქულა: ღია სივრცეში ის დამღუპველია. კალაბრია მას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დაჰყვებოდა, მაგრამ კლასით და სისწრაფით მისი ბარიერის დაძლევას მაინც ახერხებდა. 60-ე წუთზე ის ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა, მის დარტყმულს ტომორი გადაეფარა, მატჩის მიწურულს კი გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო.
CalcioNapoli1926.it – 6 ქულა: მიუხედავად იმისა, რომ კალაბრია მის შეჩერებას ხშირად ახერხებდა, ის არ ნებდებოდა და თავისი რეიდებით „მილანის“ დაცვის გაფართოებას ცდილობდა. ფინალში ის გამარჯვების გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.
Tuttomercatoweb. – 6 ქულა: კალაბრია შარშანდელივით კარგად ედგა, რის გამოც ის ჩვეულებრივისგან განსხვავებული თამაშით ცდილობდა სივრცეების პოვნას. როდესაც თავის ტექნიკას ჩართავს და თან სისწრაფეს დაურთავს, მისი თამაში ყოველთვის სასიამოვნო სანახავია.
10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, „მილანი“ კი 22 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს.