სუპერ მატჩი გამარჯვებულის გარეშე | კვარას ნაპოლიმ მილანთან დააქამბექა
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, სუპერ მატჩი შედგა. ქვეყნის მოქმედმა და ექს-ჩემპიონმა მაყურებელს საოცრად სანახაობრივი თამაში შესთავაზეს და 2:2-ით დაშორდნენ.
პირველ ნახევარში მილანელები უპირატესობას ფლობდნენ და შედეგიც მიიღეს. ოლივიე ჟირუმ დუბლი შეასრულა, თუმცა შანსები „ნაპოლისაც“ ჰქონდა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ პოლიტანო პრაქტიკულად ცარიელ კართან დატოვა.
ორბურთიანი ჩამორჩენის ფონზე, რუდი გარსიამ მეორე ტაიმი სამმაგი ცვლილებით დაიწყო, რამაც სცენარიც შეცვალა და სამხრეთელები გაცილებით გააზრებულად ათამაშდნენ.
მატეო პოლიტანომ უმაგრესი გოლი შექმნა - პელეგრინოსა და ერნანდესს გვერდი ერთმანეთის მიყოლებით აუარა და რთული პოზიციიდან მენიოს ბრწყინვალედ დაურტყა - 1:2.
ნეაპოლიტანელებმა მუხტი დაიჭირეს და წნეხი გააძლიერეს, რასაც მათი უპირატესობის კიდევ უფრო გამოკვეთა მოჰყვა. 63-ე წუთზე, ჯაკომო რასპადორიმ ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ეს სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი რეალიზებული ჯარიმაა. ბოლოს საჯარიმო დარტყმით ტოტო კანდრევას ჰქონდა შეგდებული - 27 მაისს.
კვარაცხელიას კვლავ კალაბრიას წინააღმდეგ თამაში მოუწია და კარიერის საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგი იყო. „კვარას“ ბოლო წუთებზე გოლის გატანის შანსიც მიეცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ძლიერად ვერ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. აბზაცს ქვემოთ ქართველის ყველა მომენტია ერთ ვიდეოში.
საბოლოოდ, უხვგოლიანი ფრე, რომლის შემდეგაც „ნაპოლი“ 18 ქულას აგროვებს, „მილანი“ კი - 22-ს. სამხრეთელები მე-4 ადგილს ინარჩუნებენ, ჩრდილოელები კი თანაქალაქელ „ინტერს“ უკვე 3 ქულით ჩამორჩნენ.
მომდევნო ტურის მატჩს ორივე გუნდი 4 ნოემბერს ითამაშებს: „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ ესტუმრება, ხოლო „მილანი“ „უდინეზეს“ მიიღებს.