ნინიაშვილის სუპერდაბრუნება - ორი ლელო, ასისტი და გამარჯვება კლერმონთან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ნინიაშვილი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ თავის კლუბს, „ლიონს“ დაუბრუნდა და ტოპ 14-ში პირველი შეხვედრა გამართა. გათამაშების მე-4 ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით, 41:22 გაიმარჯვა.
დავით ნინიაშვილი პირველივე წუთებიდან მასპინძელთა შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ. საფრანგეთის ჩემპიონატის ქართველმა ვარსკვლავმა თავი 2 ლელოთი გამოიჩინა და ამის გარდა, ერთ-ერთ ეპიზოდში სალელოე გადაცემაც შეასრულა.
ნინიაშვილმა პირველი ლელო მე-20 წუთზე დადო, როდესაც მისი გუნდი 0:13 მარცხდებოდა, მეორე ლელო კი მატჩის მიწურულს შემოგვთავაზა, რითაც „ლიონს“ გამარჯვება გაუნაღდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბე მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
4 ტურის შემდეგ „ლიონს“ 2 მოგება და 2 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 10 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. დავით ნინიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, სტუმრად „რასინგ 92-თან“ გამართავს.