დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი
Aa
Aa

წარმატებული დაბრუნება - ხოჭოლავამ 7 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

დანიის სუპერლიგის მე-13 ტურში „კოპენჰაგენმა’’ „პარკენზე’’ „ვიდოვრე’’ 4:0 გაანადგურა, მოქმედმა ჩემპიონმა 13-დან 9 მატჩი მოიგო და 29 ქულით პირველ ადგილზეა.

2023 წლის 2 აპრილის შემდეგ დავით ხოჭოლავამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორი ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ „პარკენის'' პუბლიკამ კვლავ იხილა ქართველი მცველის თამაში. 7-თვიანი პაუზიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ჯერ იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა იყო ერთი ეპიზოდი, რომელიც „კოპენჰაგენის’’  Twitter-ის გვერდმა ამ მატჩიდან გამოარჩია - ხოჭოლავამ დაზღვევაზე კარგად ითამაშა, მეტოქის შეტევა შეაჩერა.

„კოპენჰაგენში'' ყველაზე დაბალი შეფასება დავით ხოჭოლავამ მიიღო, მას Sofascore-მა 6,7 დაუწერა. მასთან ერთად დაცვის ცენტრში მოთამაშემ კევინ დიკსმა 7,4 მიიღო, მარცხენა მცველმა კრისტიან სორენსენმა - 8,8, ხოლო მარჯვენა მცველმა ელიას იელერტმა - 7,0.

ხოჭოლავა ბურთს 43-ჯერ შეეხო, 39-დან 34 პასი ზუსტად შეასრულა, მეტოქის შეტევა ერთხელ ჩაშალა, ბურთი ხუთჯერ დაკარგა. 61-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო.

შეგახსენებთ, მინდორს 17 ოქტომბერს დაუბრუნდა, როცა „მიდტიულანდთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ სუპერლიგაში „ვაილესთან’’ და ჩემპიონთა ლიგაზე „მან. იუნაიტედთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი ოფიციალური დაბრუნება დღეს შედგა.

30 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული „კოპენჰაგენში'' 62 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ხოჭოლავა „კოპენჰაგენთან'' ერთად დანიის ჩემპიონი გახდა (2021-22, 2022-23) და დანიის თასი მოიგო (2022-23).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები