იტალიელი ჟურნალისტი: „ჩემთვის კვარა ვინისიუსზე ბევრად ძლიერია“
„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა, ვალტერ დე მაჯომ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. დე მაჯომ „პარტენოპეის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვინისიუსზე ბევრად ძლიერია.
„ვფიქრობ, რომ უნიონ ბერლინთან გამართული მატჩის შემდეგ, რუდი გარსია მილანთან რაღაცას აუცილებლად შეცვლის. ხვიჩა კვარაცხელია ბევრად უკეთესად თამაშობს, როცა მის ფლანგზე მარიო რუი იმყოფება და არა მატიას ოლივერა.
მილანთან შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში ელმასს დავაყენებდი და არა კაიუსტეს, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიელი მეტოქეებს უფრო სწრაფად აჩერებს. კვარა და ვინისიუს ჟუნიორი? ვთვლი, რომ ხვიჩა ბევრად ძლიერია, ვიდრე რეალის ფეხბურთელი“.
ცნობისთვის, დე მაჯომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა კაკაზე უკეთესი ფეხბურთელი გახდეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მანამდე, იგივე მოსაზრება ლეგენდარულმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და ასევე, „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ დააფიქსირა.