ბრინჯაო სადებიუტო გრანდ სლემზე! - ჯაბნიაშვილის წარმატება აბუ-დაბიში
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გიორგი ჯაბნიაშვილმა ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდი ორი ვაზარით დაამარცხა, ამისთვის კი სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა. შესაბამისად, ახალგაზრდა ძიუდოისტი სადებიუტო გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ამ შეხვედრამდე, ქართველი ძიუდოისტი 1/16 ფინალში პარაგვაელ ანხელ ანტონიო ხინის შეხვდა და მეტოქეს იპონით მოუგო. 1/8 ფინალში ამერიკელ ჯონ ჯეინი გამოთიშა ასპარეზობას, 1/4 ფინალში კი სამხრეთ კორეელ შუნგო ლისთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც აზერბაიჯანელ ვუფარ ტაბილოვს მოუგო და ასე მოიპოვა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, საქართველოსთვის მესამე მედლის მოპოვებას მძიმე წონაში საბა ინანეიშვილი ეცდება. ახალგაზრდა ძიუდოისტი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუს ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჯაბნიაშვილის გარდა მედლის მოპოვება -66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმაც შეძლო. ქართველი ძიუდოისტი ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა.