ბრაიდა კვარაზე: „შეუძლია კაკასაც აჯობოს. ძალიან ძლიერია“
ლეგენდარულმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და ასევე, „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ რადიო GOAL-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის „მილანის“ ყოფილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რიკარდო კაკას შეადარა. შეგახსენებთ, რომ კაკა 2003 წლის ზაფხულში სან პაულოდან „მილანში“ სწორედ ბრაედას შუამდგომლობით გადმოვიდა.
რას ამბობს ბრაიდა:
არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია კაკაზე ძლიერი? ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გაჯობებს. კაკა დიდი ფეხბურთელი იყო, ხვიჩა კი ძალიან მომწონს და დღევანდელ ფეხბურთში განსხვავებას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან.
ახლა ისეთი ფეხბურთელები გჭირდებათ, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქე მოატყუონ, თორემ ყოველთვის 0:0-ს ითამაშებთ. ნაპოლიმ „უნიონ ბერლინთან“ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ასე მოიგო, ამაში მთავარი დამსახურება კი კვარაცხელიას მიუძღვის. ის ყველანაირ კომპლიმენტს იმსახურებს. ქართველს შეუძლია კაკასაც აჯობოს. ორივე უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ კაკაზე უკეთესი იყოს.
შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯაკომო რასპადორის გაატანინა და შეხვედრის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, კვლავ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ, ამჯერად უკვე დიეგო მარადონას სტადიონზე გამართავს, უახლოესი მატჩი კი 29 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „მილანის“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი.