7 ქულა ჰიუსტონთან - ბითაძისა და ორლანდოს წარმატებული სტარტი
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში პირველი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ქართველი ცენტრის გუნდი საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როქეტსს“ დაუპირისპირდა და 30 ქულის სხვაობით, 116:86 გაანადგურა,
გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეოთხე მეოთხედში გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ქართველმა ცენტმა დასკვნითი 5 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძის ანგარიშზე 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა იყო. ამასთან ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდა.
გამარჯვებულ გუნდიდან მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კოულ ენტონი გახდა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ჰიუსტონიდან კი საუკეთესსო ალპერენ შენგუნი იყო - 14 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი.
ცნობისთვის, დღესვე სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 126:119 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა.
მეორე ტურში „ორლანდო მეჯიქი“ 28 ოქტომბერს სტუმრად „პორტლენ ტლეირ ბლაზერსს“ შეხვდება, სან ანტონიო კი საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსს“ დაუპირისპირდება.