მძიმე ბრძოლაში - საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა
19-წლამდე ევროპის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა გოგოებმა წაგების მიუხედავად, კარგი მატჩი ჩაატარეს და მოგების კარგი შანსიც ჰქონდათ.
ანგარიში მე-12 წუთზე ქსკ „კვარტალის“ თავდამსხმელმა ლიზი კანკიამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში ბულგარელები გააქტიურდნენ, მაგრამ 100%-იანი მომენტის შექმნას მაინც ვერ ახერხებდნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი სტანდარტული სიტუაციის დროს, სერგეევამ თავით დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.
ქართველი გოგოები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ბულგარეთი დაცვაში მყარად იდგა. იყო ეპიზოდი, როდესაც ბურთი მეტოქის კარის ძელსაც მოხვდა. 78-ე წუთზე, დაცვაში შეუთანხმებელი თამაშის შედეგად, ნაიდენოვამ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შემდეგ მატჩს ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 28 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 12:00-დან დაიწყება.
ლიზი კანკიას გოლი