„გთხოვ, არ იჩქარო, იანვარში ილიას არ ეჩხუბო“ - სეხუდოს რჩევა ვოლკანოვსკის
UFC-ის მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელიც გასულ უქმეებზე ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით დამარცხდა, რჩევა მისცა. სეხუდომ „ვოლკს“ მოუწოდა, ოქტაგონზე დაბრუნება არ იჩქაროს და იანვარში ილია თოფურიას არ ეჩხუბოს.
„ალექს, ღვთის გულისთვის, პაუზა აიღე და დაისვენე. შენ ადგილას რომ ვიყო, ოქტაგონზე დაბრუნებას არ ვიჩქარებდი და უფრო თავმდაბალი გავხდებოდი. თავმდაბალი, რადგან მთავარი ეგო ან სიამაყე კი არა, გამარჯვების მოპოვება, სათანადოდ მომზადება და შენი მემკვიდრეობა უნდა იყოს.
ვოლკ, საშუალება მიეცი თავის ტვინს 6 თვე დაისვენოს და კონდიციები ბოლომდე აღიდგინე. როცა ასე განოკაუტებენ და არის შანსი, ტვინის შერყევა გქონდეს, ნორმალურად სიარულიც გიჭირს. გამომდინარე აქედან, არ უნდა იჩქარო, თუმცა თუ მაინც აპირებ იანვარში ილიასთან ჩხუბს, დიდი პატივისცემა შენ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ვოლკანოვსკიმ იუთუბის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ოქტაგონზე სწრაფად დაბრუნება და „ელ მატადორთან“ იანვარში ჩხუბი უნდა.