„ოსიმენი ძალიან მაგარია, მაგრამ ნაპოლის ნამდვილი ჩემპიონი კვარაა“ - იტალიელი ჟურნალისტი
სანდრო საბატინი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელსაც Sky Sport Italia-სა და Sport Mediaset-ში უმუშავია. საბატინიმ საინტერესო განცხადება გააკეთა და „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე, ვიქტორ ოსიმენზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ოსიმენის უნარებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ნაპოლის გამორჩეულად ბრწყინვალე მომენტები მაშინ ჰქონდა, როცა მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. ვერონასთან მატჩში გასული სეზონის კვარაცხელია ვიხილეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. ევროპაში ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ქართველი შემტევის მსგავსი საერთოდ არავინაა. როცა ის ვერ თამაშობს, ნაპოლის შეტევაში პრობლემები ექმნება“.
ქართველი ფეხბურთელი ბოლო თამაშებში შესანიშნავად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგაზე, „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „პარტენოპეის“ ერთადერთი გოლი სწორედ მის გადაცემას მოჰყვა და მატჩის შემდეგ, „კვარა“ ბევრმა უცხოურმა გამოცემამ შეაქო.
„უნიონ ბერლინთან დაპირისპირებაში, ქართველი გარემარბი ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო და Sofascore-მა 7.8 დაუწერა. კვარაცხელია ბურთს 72-ჯერ შეეხო და 48 პასიდან 43 ზუსტად შეასრულა (90 პროცენტი). მინდორზე 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. დრიბლინგის 9 მცდელობიდან 5 წარმატებული იყო. ბურთი 15-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.