ასეთი კვარა ნაპოლის ჰაერივით სჭირდება - იტალიური მედია ხვიჩაზე
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბერლინის „უნიონი’’ შინ „ნაპოლისთან’’ 0:1 დამარცხდა. ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს, გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ქართველმა გარემარბმა ბრწყინვალედ იმოქმედა, საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის მცველს აჯობა და რასპადორის რეალური მომენტი შეუქმნა.
გთავაზობთ რამდენიმე მედიის გამოხმაურებას ხვიჩას თამაშის შესახებ.
Eurosport: „პირველ ტაიმში „უნიონის’’ მხრიდანზე მასზე სამმაგი მეურვეობა იყო. მეორე ტაიმში აჩქარებებით ფლანგი გაარღვია და ოქროს საგოლე პასი შეასრულა’’.
Calciomercato: „ქართველს ყოველთვის ხვდებოდა მეტოქის ფეხბურთელი, სადაც არ უნდა წასულიყო. კვარაცხელიას ზონურად მეურვეობდნენ, პირველ ტაიმში „უნიონის'' ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა შემდეგ ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა. „ნაპოლის’’ ასეთი კვარაცხელია ჰაერივით სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოსიმენი ჯერ არ დაბრუნებულა’’.
Tuttonapoli: „მას ბევრი სივრცე არ ჰქონია, მაგრამ საოცარი მოქმედებები მოიგონა, რომელიც ემოციაა’’.
ხვიჩა წინააღმდეგ თამაშის წესი არაერთხელ დაირღვა, ორ შემთხვევაში მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველი გარემარბი ორივე გუნდს შორის საუკეთესო იყო, Sofascore-მა 7,8 დაუწერა. ბურთს 72-ჯერ შეეხო, 48 პასიდან 43 ზუსტად შეასრულა (90 პროცენტი). მინდორზე 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. დრიბლინგის 9 მცდელობიდან 5 წარმატებული იყო. ბურთი 15-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა.
3 ტურის შემდეგ C ჯგუფში „ნაპოლი'' 6 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს'' 3 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „ბრაგას'' 3 ქულით უსწრებს. „უნიონი'' 0 ქულით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში „ნაპოლი'' „უნიონს'' მიიღებს (8 ნოემბერი, 21:45).